შალვა პაპუაშვილი: ასეთი ტიპის აქციების მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი რამ – მეტი პოლარიზაცია
„ასეთი ტიპის აქციების მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი რამ – მეტი პოლარიზაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად “ნაცმოძრაობას” არაფერი გაუკეთებია.
“9 თვე გავიდა, რაც პარლამენტი რეკომენდაციებზე მუშაობს. თითქმის ბოლოში ვართ გასული და პარტიას, რომელსაც თითი თითზე არ დაუკარებია არც ხელისუფლებაში ყოფნისას და არც ოპოზიციაში, 9 თვის თავზე აგონდება აქცია და უნდა მოითხოვოს 12 პუნქტის შესრულება, რომელსაც პარლამენტი და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობა ზედმიწევნით, ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს. ასეთი ტიპის აქციების მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი რამ – მეტი პოლარიზაცია. ჩვენ ვნახეთ რადიკალი პარტიები, რომლებიც, სამწუხაროდ, მიიღეს სტრასბურგში, მათი კომენტარებით ვნახეთ, რა იყო მიზანი – პროცესის ჩაშლა, საკუთარი ხელისუფლების მიმართ უცხოურ პარტნიორებში ზიზღის გაღვივება, დასმენა, ვითომ აქ პრორუსული და ანტიდემოკრატიული ძალები არიან ანუ აბსოლუტური მავნებლობა რასაც ჰქვია, რასაც აქამდე აკეთებდნენ. პარტია „დროას“ სხვა საქმე არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ თვეში ერთხელ ატარებდა ბრიფინგს, მავნებლობდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის, სანქციებისთვის გვერდის ავლა დაებრალებინა ქართული მხარისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.