„ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან“ – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საქართველოში

21 მარტი მათი დღეა. ასეა ყოველ წელს – დაუნის სინდრომის კვირეული უკვე მრავალი წელია აღინიშნება საქართველოში და ამ სინდრომის მატარებელი პირების მიმართ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებს, თუმცა თემის გარშემო გაერთიანებული უწყებების, ორგანიზაციებისა თუ ცალკეული ადამიანების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩვენში მაინც არსებობს გარკვეული სტიგმები, სტერეოტიპული თუ დისკრიმინაციული მიდგომა… მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუნის სინდრომისა და მისი მატარებელი პირების შესახებ ან მწირ ინფორმაციას ფლობს, ან საერთოდ არ იცნობს მათ.

ჭრელი წინდების აქციის, თუ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ გავრცელებულ სლოგანს: „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, წელს კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი გზავნილი დაემატა – „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!“

ეს გზავნილი არის ის, რაც დღეს სინდრომის მატარებელ პირებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს განსაკუთრებულად სჭირდებათ.

„ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება, ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა თანაგრძნობის ობიექტები, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის და რაც მთავარია, გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებულები, რეალიზებულები, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – ამბობენ ამ სინდრომის მატარებელი ადამიანები და არ ტყუიან.

იმისთვის, რომ მათი ხმა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, საინტერესო კამპანია დაიგეგმა წელსაც. ინიციატორი ტრადიციულად ორგანიზაცია „მზის შვილებია“, თუმცა წელს ღონისძიებების სერიას ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია „ქოლგა“ აორგანიზებს.

კამპანია 20 მარტს თბილისის მერიის ფოიეში გამოფენით გაიხსნება, რომელზედაც „მზის შვილების“ ბენეფიციარების ემოციური ფოტო-პორტრეტები იქნება წარმოდგენილი.

21 მარტს დაგეგმილია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა, ერთგვარი „ფლეშმობი“, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზის შენობიდან (ფილარმონია) დაიწყება და „ბაზარი ორბელიანის“ შენობაში გადაინაცვლებს. აქვე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლები, დაიგეგმა მედიაგაშუქება და სხვადასხვა თემატურ ჯგუფთან შეხვედრებიც.

ღონისძიებების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირება და მათი სოციალურ ურთიერთობებში მაქსიმალური ჩართულობა. ღონისძიების გენერალური სპონსორი სამშენებლო კომპანია „ანაგია“, მხარდამჭერი – თბილისის მერია, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერი – მედიაჰოლდინგი „კვირა“.

ვინ და რატომ გაერთიანდა წელს თემის გარშემო და როგორია მათი დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მატარებელი პირების მიმართ?

ამ თემაზე როგორც კვირეულის ორგანიზატორს, ისე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს გავესაუბრეთ; ადამიანებს, რომლებიც წლევანდელ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ და მიიჩნევენ, რომ აქ საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ – შეაქვთ კიდეც.

ანა ჩანგიანი – მარკეტინგისა და კონსალტინგის კომპანიის დამფუძნებელი, მედიაჰოლდინგ „კვირას“ მარკეტინგის დირექტორი:

„ჩემთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში სწორი აზრის ფორმირებას ხელს შეუწყობს. ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, კონკრეტული დარგის სპეციალისტებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხს ჯანმრთელად აღიქვამდეს. უნდა გავიაზროთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, შესაძლოა, ნებისმიერ ოჯახში გაჩნდეს, ამისგან არავინ არის დაზღვეული. გარშემო ყველას გვყავს და ვიცნობთ ასეთ ადამიანებს… კარგად თუ არ გავიცანით ისინი, მათი შესაძლებლობები, ვერასდროს შევძლებთ მათ მიღებას… სწორად მიმღებლობის, მათთან სრულფასოვნად თანაცხოვრების პრობლემა გვაქვს დღეს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „მზის შვილებს“, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი კამპანიის საორგანიზაციო ნაწილში ჩართვის შესაძლებლობა მომცა.

ასევე, მადლიერი ვარ ყველა იმ ორგანიზაციისა და სტრუქტურის, რომელმაც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მხარდაჭერის სურვილი გამოიჩინა. ეს თანადგომა ფასდაუდებელი და დასაფასებელია.

იმედი მაქვს, დროსთან ერთად ჩვენი საზოგადოება სულ უფრო გაიზრდება და მოახერხებს, დაუნის სინდრომის მქონე პირები თავის სოციალურ გარემოში სრულფასოვან წევრებად მიიღოს. მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია და მჯერა, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მოცემულობას მივიღებთ… მეგობრები ხომ ქრომოსომებს მართლაც არ ითვლიან?!“.

ირმა პაატაშვილი – დღის ცენტრ „მზის სივრცის“ ფსიქოლოგი:

„21 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები ემსახურება სოციალიზაციის პროცესს, რათა საზოგადოებამ გაიცნოს და დაუახლოვდეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. გაიგონ მათი საჭიროებები, შესაძლებლობები, მოხდეს გააზრება იმისა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან“.

ვერა ტაბიძე – „ბაზარი ორბელიანის“ გენერალური დირექტორი:

„წელს „ბაზარი ორბელიანი“ აქტიურად ჩართულია დაუნის სინდრომის კვირეულის კამპანიაში, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და ამ ადამიანების მაქსიმალური ინტეგრირება საზოგადოებაში.

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ფოტო-გამოფენას, სადაც ბავშვების ფოტო-პორტრეტები იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, მსგავს მნიშვნელოვან საქმეში კერძო სექტორს შეუძლია თავისი დიდი წვლილის შეტანა და ეს ჩვენი ერთგვარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია“.

ვასილ ბაბლუანი – ბიზნესმენი, ბიზნეს-ექსპერტი:

„ამ დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი ღონისძიება ჩატარდეს, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება.

დიდი ხანია მე ევროპაში ვცხოვრობ. აქ ყველა ნაბიჯზე ვხედავ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, თუ როგორ არიან ისინი ინტეგრირებული სოციუმში, მუშაობენ, მაგალითად, ბარებში, რესტორნებში, სხვადასხვა ცენტრებსა თუ საწარმოებში. სახელმწიფო, კერძო სექტორი თუ რიგითი მოქალაქეები ჩართულები არიან იმაში, რომ ისინი მაქსიმალურად ინტეგრირებულები იყვნენ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, საქართველოში ამას ჯერ ვერ ვხედავ… ალბათ მეტად არის სამუშაო ამ სინდრომის მატარებელი ბავშვების მშობლებთანაც, რათა მათ დაუნის სინდრომის მატარებელი პირების შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.

უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანიაა საჭირო, მედიაში, სოციალურ ქსელებში… ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, წინა პლანზე წამოვწიოთ ეს თემა. კარგად გავიაზროთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სოციუმის ჩვეულებრივი წევრები არიან, რომლებიც ბევრ სითბოს და სიკეთეს ნერგავენ. ხელი უნდა შევუწყოთ მათ და უფრო აქტიურად ჩავრთოთ სხვადასხვა მიმართულებით“.

 

2023 წლის კამპანიის შესახებ მსგავსი სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge/820948

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები