თბილისის საკრებულოში გენდერის საკითხებში ექსპერტ შერილ ტომასთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით და „მერსი ქორფს საქართველოს“ WISE პროგრამის ორგანიზებით ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
“ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე ამერიკელმა ექსპერტმა გენდერის საკითხებში შერილ ტომასმა იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე. ექსპერტმა მედიის წარმომადგენლებს ის პრაქტიკა და სამართლებრივ რეფორმები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ეფექტიან მექანიზმად იქცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.