ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) იმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა.
WWTG-ის თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს და უკვე მეორედ უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას. ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

„საქართველო 2023 წლის 1 მაისიდან შეუდგება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ორგანიზაციული საკითხები, რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ასევე, თბილისში დაგეგმილი WWTG-ის სხდომის ჩატარების სავარაუდო თარიღები და დღის წესრიგი”, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, WWTG-ის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო ბარიერებზე, დარგის მდგრად განვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით.
2023 წელს ამ ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია იქნება საქართველოს პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG-ის პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ „თბილისის განცხადება” ეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები