CNN: რუსეთი უკრაინაში ამოღებული ამერიკული იარაღის ნიმუშებს თეირანს აწვდის
რუსეთი უკრაინაში ამოღებული ამერიკული იარაღის ნიმუშებს ირანში აგზავნის, სადაც მათ ირანელი სპეციალისტები დეტალურად სწავლობენ.
ამის შესახებ CNN-ი პენტაგონში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
კერძოდ, აშშ-ში დანამდვილებით იციან, რომ თეირანის ხელში Javelin-ების ნიმუშები ჩაუვარდა.
CNN-ის წყაროები მიიჩნევენ, რომ, მოსკოვსა და თეირანს შორის ასეთი შეთანხმებით, ირანის ხელისუფლება უკიდურესად დაინტერესებულია საომარი მოქმედებების გაგრძელებით და ყველა შესაძლო გზით დაუჭერს მხარს რუსეთს.
ჯერჯერობით უცნობია, ახერხებს თუ არა ირანი ნიმუშების წარმატებით კოპირებას, თუმცა, წარსულში მას წარმატებული გამოცდილება ჰქონია.
კერძოდ, ირანის მიერ შემუშავებული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა Toophan-ი, 1970-იან წლებში ამერიკული BGM-71 TOW რაკეტის საფუძველზე შეიქმნა.
2011 წელს ირანელებმა ასევე მოიპოვეს ამერიკული დრონი Lockheed Martin RQ-170 „Sentinel“ და მისი კოპირებით საკუთარი შექმნეს.
პენტაგონში ამბობენ, რომ მესამე ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილების მიღებისას ამგვარი რისკები მხედველობაში მიიღება და ზედმეტი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.