მედია: ნატო-ში ფინეთის შესვლის რატიფიცირებას თურქეთი, სავარაუდოდ, არჩევნებამდე მოახდენს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა მიანიშნა, რომ ანკარა ნატო-ში ფინეთის შესვლის განაცხადს, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს.
ქვეყნის პარლამენტში დასმული კითხვის საპასუხოდ, შევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ჰელსინკის განაცხადი ალიანსში წევრობის შესახებ და იქნება თუ არა ის რატიფიცირებული, ერდოღანმა თქვა, “17 მარტს ფინეთის პრეზიდენტს ველოდებით. შევხვდებით მას და შევასრულებთ იმას, რასაც შევპირდით. იმედი მაქვს, ასეც იქნება“.
მანამდე, Reuters-მა თურქეთში ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის დიდ ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტი) ფინეთის განაცხადის რატიფიცირება, სავარაუდოდ, არჩევნებისთვის საკანონმდებლო ორგანოს დახურვამდე, აპრილის შუა რიცხვებში მოხდება.
მათი თქმით, ფინეთის და შვედეთის განაცხადის განხილვა ცალ-ცალკე მოხდება.
თურქეთში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება.