თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, აშშ არ შეწყვეტს ფრენას შავი ზღვის თავზე
აშშ არ შეწყვეტს ფრენას შავი ზღვის თავზე, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„თუ მესიჯი არის ის, რომ მათ სურთ ხელი შეგვიშალონ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ოპერირებისგან, შავი ზღვის თავზე, მაშინ ეს მესიჯი არ შესრულდება, რადგან ეს არ მოხდება. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ფრენა და ოპერირება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლების თავზე. შავი ზღვა არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის მსოფლიოს ამ ნაწილში“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.