ლიეტუვის პარლამენტმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად ასახელებს.

„ვაგნერი ტერორისტული ორგანიზაციაა და მისი წევრები და დაქირავებულები საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„2022 წელს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები და რუსეთის ფედერაციის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ აგრესორის მხარეზე საომარ მოქმედებებში, ჩადიან აგრესიის სისტემატურ, სერიოზული დანაშაულებს – უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და წამებას, საცხოვრებელი შენობების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას, რაც ტერორიზმის ტოლფასია“, – აღნიშნულია საპარლამენტო დოკუმენტში.

გარდა ამისა, პარლამენტმა განაცხადა, რომ „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული ძალაუფლების ჩრდილოვანი იარაღი“.

ლიეტუვის პარლამენტი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, რომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები