აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთში ინვესტიციას ზრდის

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებისთვის ინვესტიციას ზრდის.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბერლინში, წამყვანი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის ინვესტიციას აფართოებს. მისი სატვირთო ნაკადების მოცულობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. აზერბაიჯანის მხრიდან დამატებითი ინვესტიცია 120 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ამ სამუშაოს მომავალ წელს დავასრულებთ”, – თქვა მან.

ალიევმა  ასევე ალათის კომერციული საზღვაო პორტის სიმძლავრის გაფართოების გეგმებზეც ისაუბრა – 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე.

„ჩვენ ვმუშაობთ სატრანსპორტო სისტემების, ინფრასტრუქტურის ინტეგრირებაზე, ასევე, საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე. რამდენიმე დღეში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბაქოს ეწვევა და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მასთან განვიხილავთ, იქნება ის, თუ როგორ დაგვეხმარება ორგანიზაცია შუა აზიას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მუშაობის კოორდინაციაში. მარშრუტის ინტეგრაციის მისაღწევად, უნდა არსებობდეს ერთიანი მიდგომა ტარიფების მიმართ. თუ ერთი ქვეყანა, მაგალითად, აზერბაიჯანი, ტარიფს დაწევს, მეორე ქვეყანა იმავეს არ გააკეთებს, ან პირიქით – ასეთი მიდგომა არ იმუშავებს”, – ხაზგასმით აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები