“ევროპელი სოციალისტები” – ევროკავშირის დროშის დაწვაზე: ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების რთულ გზაზე

მსგავსი ფაქტები ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების რთულ გზაზე, – ასე ეხმაურება პარტია “ევროპელი სოციალისტები” “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას.

“კვირა” პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედებები. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება არ შეესაბამება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გეგმას.

მსგავსი ფაქტები ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების რთულ გზაზე, რადგან, საბოლოო ჯამში, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმები, როგორიცაა დროშების დაწვა, სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების დარბევა თუ ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მისამართით, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.

მომხდარზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები