ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ, COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებიდან სამი წლის თავზე, მსოფლიოს ქვეყნებმა სამი გაკვეთილი უნდა გამოიტანონ, ესენია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა, მეცნიერების მნიშვნელობა და თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ამის შესახებ მან სპეციალური ცერემონიის დროს თქვა, რომელზეც მას ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს.
“პირველი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა. პანდემიამ გამოააშკარავა, რომ მოწინავე ჯანდაცვის სისტემა არ არის იგივე, რაც ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა. ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მოწინავე სამედიცინო მომსახურებაა, COVID-19-ისგან დაზარალდა. და პირიქით, ზოგიერთმა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანამ გაცილებით მეტი გააკეთა საზოგადოებრივი ჯანდაცვაში ინვესტიციებით SARS-ის, MERS-ის, H1N1-ის და სხვა ეპიდემიების შემდეგ. მათ უკეთესად იმუშავეს. მაგალითად, კონტაქტების უმარტივესი მოკვლევა არის ის, რისი გაკეთებაც ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანას დაავიწყდა, მაგრამ ეს ბუნებრივი აღმოჩნდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, ინფექციური დაავადებების გავრცელების გამოცდილების გამო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძველია – ძლიერი პირველადი ჯანდაცვა, რომ მოხდეს ეპიდემიების, რაც შეიძლება ადრეული გამოვლენა და დაავადების პრევენცია და საზოგადოების ჯანმრთელობის ხელშეწყობა.
მეორე გაკვეთილი არის მეცნიერების მნიშვნელობა. პანდემიის განმავლობაში მეცნიერება გვაძლევდა ინსტრუმენტებს იმის გასაგებად, თუ როგორ ვრცელდება ეს ვირუსი, როგორ იწვევს დაავადებას და როგორ შევაჩეროთ ის. მეცნიერებამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა ტესტები, მკურნალობის მეთოდები და ვაქცინები უფრო სწრაფად, ვიდრე ისტორიაში ნებისმიერი სხვა პათოგენის დროს. და მაინც, ზოგიერთ ქვეყანასა და საზოგადოებაში, სოციალურ მედიაში მეცნიერების მარგინალიზაცია და პოლიტიზაცია აფერხებდა პანდემიაზე რეაგირებას და გარდაცვალება მატულობდა. ნიღბები, ვაქცინები, “ლოკდაუნი” და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა ზომები, ღრმად პოლიტიზებული იყო. ასევე, კითხვა, თუ როგორ დაიწყო პანდემია – უპასუხოდ რჩება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეცნიერულ აუცილებლობას წარმოადგენს, რომელიც დაგვეხმარება მომავალი ეპიდემიებისა და პანდემიებისთვის მომზადებაში, პრევენციასა და რეაგირებაზე. სამი წლის თავზე ჩვენ ჯერ არ ვიცით, ჩინეთის მხრიდან თანამშრომლობის არარსებობის გამო, როგორ უზრუნველვყოთ მონაცემთა გაცვლის გამჭვირვალობა, ასევე, ჩავატაროთ საჭირო გამოკვლევები და გავაზიაროთ შედეგები.
რაც შეეხება მესამე გაკვეთილს – ეს არის თანამშრომლობის მნიშვნელობა. სწორედ იმ დროს, როდესაც მსოფლიოს სჭირდებოდა გაერთიანება ამ საერთო საფრთხის წინაშე, შეინიშნებოდა თანამშრომლობისა და კოორდინაციის ნაკლებობა. შეთანხმებული და თანმიმდევრული გლობალური რეაგირების ნაცვლად, პანდემია გამოირჩეოდა ქაოსური საპასუხო ზომებით. ეს ხდებოდა ვიწრო ნაციონალიზმის გამო. საერთო საფრთხეებს მხოლოდ ერთობლივი ძალებით ვუპასუხებთ. სწორედ ეს არის “პანდემიის შეთანხმება”, რომელზეც ამჟამად ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს არის შეთანხმება ქვეყნებს შორის, რომ იმუშაონ თანამშრომლობით და არა კონკურენციით, მოემზადონ და რეაგირება მოახდინონ ეპიდემიებსა და პანდემიებზე. მსოფლიოს ხალხებს უკვე აქვთ მრავალი შეთანხმება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, თამბაქოს და კლიმატის ცვლილების შესახებ. ამიტომ, ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ საერთო საფრთხეების მიმართ ერთობლივ მიდგომაზე”, – თქვა გებრეისუსმა.