რუსეთი თანახმაა, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით გაახანგრძლივოს
რუსეთი და გაერო ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების 60 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ CNN-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
„რუსეთის უწყებათაშორისმა დელეგაციამ გაეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლახან დაასრულა. მოსკოვი დათანხმდა მარცვლეულის მიმდინარე შეთანხმების 18 მარტამდე, დამატებით 60 დღით გაგრძელებას. მხოლოდ 60 დღით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რუსეთის შემდგომი პოზიცია განსაზღვრული იქნება რეალური პროგრესის მიხედვით ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის საბანკო გადახდები, სატრანსპორტო ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფინანსური საქმიანობის განბლოკვა და „ტოლიატი-ოდესის“ მილსადენით ამიაკის მიწოდება.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.