Reuters: სი ძინპინი მოსკოვში ჩადის

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მომავალ კვირას მოსკოვში ჩასვლას გეგმავს, სადაც კოლეგას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გასული წლის ბოლოს პუტინმა სი ძინპინი მოსკოვში მიიწვია, თუმცა, მაშინ ჩინეთის ლიდერს მიწვევაზე პასუხი არ გაუცია.

როგორც მაშინ BBC-ს კარნეგის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ალექსანდრე გაბუევმა უთხრა, “ის ფაქტი, რომ პუტინმა შესაძლებლად მიიჩნია ამის საჯაროდ გაჟღერება, მიანიშნებს იმაზე, რომ ვიზიტის მომზადება უკვე საკმაოდ მაღალ ეტაპზეა”.

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში პუტინი და სი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, სამარყანდში შეხვდნენ. მაშინ პუტინმა აღიარა, რომ ჩინეთს აქვს კითხვები და შეშფოთება “უკრაინის კრიზისთან”.

თებერვლის ბოლოს CIA-ს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ, დაზვერვის თანახმად, ჩინეთი რუსეთში იარაღის გაგზავნას განიხილავს, მაგრამ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საპასუხოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განგმა რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას შეადარა.

ამავდროულად, დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთი არცერთ მხარეს არ აწვდის იარაღს და უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები