პატიმრების ახლობლებმა ღამე გეგუთის ციხესთან გაატარეს
გეგუთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და დირექტორთან და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მათი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანებით პატიმრები ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავდათ, თუმცა ამჯერად მიზეზი არა სხეულის თვითდაზიანება, არამედ შიმშილობის შედეგად პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, გეგუთის კოლონიიდან რამდენიმე შეტყობინება მიიღეს და მიზეზად მედიკოსებიც შიმშილობას ასახელებენ. პატიმრების ახლობლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების გამართვას გააგრძელებენ.
გეგუთის ციხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიცია უცვლელი რჩება. სამინისტროს ინფორმაციით, გეგუთის ციხეში არსებული მდგომარეობა და პატიმრების პროტესტი უწყების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ციხეში არსებულ მდგომარეობას ადმინისტრაცია სრულად აკონტროლებს და დაწესებულების ხელმძღვანელის გადაყენების საკითხი სამინისტროში არ განხილება. თალაკვაძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია მედპერსონალი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გართულებების შემთხვევაში, პატიმრები გადაიყვანონ სხვადასხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში.
გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებს 24- საათიან რეჟიმში აკვირდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, მეთოთხმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგანგაშო ვითარება არაა შექმნილი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.