კულტურის სამინისტრო რამაზ იოსელიანს იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობს, რამაზ იოსელიანს, იუბილეს ულოცავს.
რამაზ იოსელიანი დაიბადა 1958 წლის 11 მარტს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო).
რამაზ იოსელიანი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბევრ ცნობილ თეატრში.
იყო კინომსახიობთა და მეტეხის თეატრების, გრიბოედოვის სახელობის, თავისუფალი და გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრების მსახიობი, 2004-2007 წლებში კი – გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მმართველიც.
„მსახიობმა ბევრი საინტერესო და შთამბეჭდავი სახე შექმნა ქართულ სცენაზე. მათ შორის აღსანიშნავია: გალაქტიონი („ბაკულას ღორები“), მელექსე („წუთისოფელი ასეა“), დირიჟორი („მარტორქები ორკესტრში“), ჯორდანო ბრუნო („გამოაფხიზლეთ მთვლემარენი“), ნიკოლოზ ბარათაშვილი („ბედი მგოსნისა“), აკოფა („ხანუმა“), ხლესტაკოვი („რევიზორი“), პოპრიშჩინი გოგოლის (,,შეშლილის წერილები”), პარუნ-ოსეფა („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“) და სხვა.
რამაზ იოსელიანმა მთავარი და ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (მ. კოკოჩაშვილი, 1981), „მარადისობის კანონი“ (ვ. კვაჭაძე, 1982), „დღეს ღამე უთენებია“ (ლ. ღოღობერიძე, 1983), „ადამიანთა სევდა“ (გ. ჩოხელი, 1984), „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (ქ. დოლიძე, 1991), „წითელი პატეფონი“ (დ. აბაშიძე, 1995) და სხვა. მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიის მიერ გადაღებულ ფილმებშიც: „ზემდეგი“ (ნ. კოშელევი, 1978, რუსეთი), „მას შემდეგ, რაც ერთად ვართ“ (ვ. გრიგორიევი, 1985, მოლდავეთი), „სამეფო ნადირობა“ (ვ. მელნიკოვი, 1990, რუსეთი), „იდიშზე მოლაპარაკე თუთიყუში“ (ე. სეველა, 1990, რუსეთი), „ეი!“ (მ. აბაშიძე, 1991, ოდესის კინოსტუდია), „ვისაც ციხე ელოდება…“ (მ. კევორკოვი, 1992, რუსეთი) და სხვა.
1999 წელს გადაიღო ვიდეოფილმი „მაგრამ რა მერე“, რომელშიც მთავარი როლიც შეასრულა.
1982 წლიდან 2005 წლის ჩათვლით რამაზ იოსელიანი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (შემდგომ – უნივერსიტეტის) სასცენო მეტყველებისა და მსახიობის ოსტატობის კათედრების პედაგოგი.
2005 წელს მსახიობის ხელმძღვანელობით დაფუძნდა საქართველოს რეგიონული თეატრების ასამბლეა, 2010 წელს კი შექმნა საბავშვო თეატრ-სტუდია „მაცაცერა“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თვითონ იყო.
2008 წელს რამაზ იოსელიანმა რეჟისორის ამპლუაში თანამშრომლობა დაიწყო ფოთის თეატრთან – დადგა სპექტაკლები „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“ და „სხვისი შვილების მამა“. 2013 წლიდან იგი ფოთის თეატრის მსახიობია, 2019 წლიდან 2023 წლის იანვრამდე კი ამ თეატრს ხელმძღვანელობდა. ამასთან ერთად, ის დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია.
აღსანიშნავია, რომ რამაზ იოსელიანი ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დრამატული კომპოზიციისა ,,განდეგილი”, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადდა.
რამაზ იოსელიანის შემოქმედებითი ოსტატობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. 1988 წელს ის გახდა წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი; 1996 წელს მიენიჭა პრემია ნოვატორობისთვის სასცენო ხელოვნებაში, 2004 წელს კი – მარჯანიშვილის სახელობის პრემია; 2005 წელს გახდა პრემია „ოქროს ნიღბის“ ლაურეატი; 2011 წელს დაასახელეს წლის საუკეთესო რეჟისორად; 2012 წელს მოხვდა ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ შერჩეულ საუკეთესო ხუთეულში; 2017 წელს შჩეცინის (პოლონეთი) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიღო გრან-პრი, როგორც საუკეთესო მამაკაცმა მსახიობმა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გულითადად ულოცავს რამაზ იოსელიანს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებულ საქმიანობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.