საქსტატი: 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 686.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტიციის მოცულობა გაზრდილია 1.7-ჯერ და შეადგენს 1 289 მლნ. დოლარს.
როგორც უწყების ანგარიშიდან ჩანს, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2022 წელს 48.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე – ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე – აშშ 8.2 პროცენტით.