“რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რომ უკრაინაში ომი კიდევ ორი წლის განმავლობაში აწარმოოს” – ლიეტუვის დაზვერვა
ლიეტვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, ელეგიუს პალუჩავიუსის განცხადებით, რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი, რომ უკრაინაში ომი კიდევ ორი წლის განმავლობაში აწარმოოს, თუ ბრძოლა იმავე ინტენსივობით გაგრძელდება, როგორც დღეს არის.
„რესურსები, რომელიც ახლა რუსეთს აქვს, საკმარისია იმისთვის, რომ ომი განაგრძოს ისეთი ინტენსივობით, როგორიც დღეს არის კიდევ ორი წლის განმავლობაში. რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ომს, ასევე დამოკიდებული იქნება რუსეთის არმიის მხარდაჭერაზე ისეთი სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა“, – თქვა მან.
პაულავიჩიუსმა წარმოადგინა ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებული მოხსენება ქვეყნისთვის საფრთხეების შესახებ, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ჰაკერებმა, რომლებსაც კავშირები აქვთ რუსეთისა და ჩინეთის მთავრობებთან, 2022 წელს ლიეტუვის მთავრობის კომპიუტერებში შეჭრა არაერთხელ სცადეს.
„მათი პრიორიტეტი რჩება ლიეტუვის შიდა და გარე საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტი გრძელვადიანი შეგროვება“, – აცხადებენ ქვეყნის დაზვერვაში.
ასევე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ სანქციებმა არ შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი შეიარაღებული ძალები, რადგან კრემლი სექტორის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ თანხებს მიმართავს, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად არის განკუთვნილი.