გურამ მაჭარაშვილი: პირველი, რაც არის ამ კანონპროექტის მიზანი, ეს არის ინფორმირებული მოქალაქე
პირველი, რაც არის ამ კანონპროექტის მიზანი, ეს არის ინფორმირებული მოქალაქე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგეებმა უნდა ახსნან, რატომ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგ.
“თუ ვინმე იქნება წინააღმდეგი ამ კანონპროექტის, უნდა ახსნას, რატომ არის წინააღმდეგი რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და რატომ არის წინააღმდეგი, რომ იყოს ფინანსური გამჭვირვალობა იმ აიპების და მედია საშუალებების, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური ძალის მხრიდან, ამ შემთხვევაში, 20%-ზე მეტით. ნებისმიერი დემოკრატიის პრინციპი, ნებისმიერი ასოცირების შეთანხმების პუნქტები და ა.შ. აცხადებენ იმას, რომ პირველი, რაც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის საჯაროობა და რაც ყველაზე მთავარია, ინკლუზიურობა, ანუ საზოგადოების ჩართულობა. ეს კანონპროექტი არ შეეხება ფიზიკურ პირებს, არ შეეხება ყველა იურიდიულ პირს, არამედ შეეხება მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ და მედია საშუალებებს, რომლებიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხოური ძალის მხრიდან. ამავდროულად, განსხვავებით ამერიკული პროექტისგან, სანქციები აქ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმები და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 5 წლამდე ვადით, რომელიც არის ამერიკულ კანონპროექტში,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.