“ან მოლაპარაკებები, ან ცეცხლზე მეტ ნავთს დაასხამენ” – ჩინეთის საგარეო უწყება უკრაინის ომზე
ჩინეთი მოუწოდებს, “რაც შეიძლება სწრაფად” დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები “უკრაინის კონფლიქტის” მოსაგვარებლად, რომელიც “კონტროლს სცდება”.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განგმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და ზეწოლა “პრობლემას ვერ მოაგვარებს”.
“უკრაინის კრიზისმა კრიტიკულ მომენტს მიაღწია. საბრძოლო მოქმედებები ან წყდება და აღდგება მშვიდობა და დაიწყება პოლიტიკური მოგვარების პროცესი, ან ცეცხლზე მეტი ნავთის დასხმა მოხდება და კრიზისი კიდევ უფრო გაფართოვდება და კონტროლს გასცდება”, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „უხილავი ხელით“ იმართება, რომელიც ხელს უწყობს „კონფლიქტის“ გახანგრძლივებასა და ესკალაციას.
„უხილავი ხელი“ იყენებს უკრაინის კრიზისს გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. კონფლიქტი, სანქციები და ზეწოლა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და ყველა მხარის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – თქვა ცინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ არასტაბილურ სამყაროში პეკინსა და მოსკოვს შორის კარგი ურთიერთობები “აუცილებელია”.
“რაც უფრო არასტაბილური ხდება მსოფლიო, მით უფრო მნიშვნელოვანია, ჩინეთისა და რუსეთისთვის სტაბილურად განავითარონ ურთიერთობები. ჩინეთი და რუსეთი არ ეფუძნება არც რაიმე კავშირს, ან დაპირისპირებას და არ არიან მიმართული რომელიმე მესამე მხარეზე. ეს არ არის საფრთხე არცერთი ქვეყნისთვის,” – თქვა მან.