რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში
„ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს.
„როცა საუბარია კანონპროექტზე, უნდა იყოს ის მიღებული თუ არა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი იღებს.
ძალიან ამაყი ვარ იმით და ძალიან მოხარული, რომ წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელმაც ჩამოაყალიბა 78-ე მუხლი და ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მივეკუთვნები იმ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდშიც პირველად გაჩნდა საკონსტიტუციო ჩანაწერი და კონსტიტუციურ ვალდებულებად ექცა ყველა სახელმწიფო ორგანოს ყველა შესაძლო ზომის მიღება იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ერთხელ და სამუდამოდ კარგად რომ დაიმახსოვროთ, „ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ბრეგაძემ.