ირანის თავდაცვის სამინისტრო ახალი თაობის დრონებს წარადგენს
ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ-რეზა ყარაი აშთიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში ახალი თაობის უპილოტო საფრენი აპარატების წარდგენა მოხდება.
ამის შესახებ Tasnim-ი წერს.
„უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების სფეროში ახალი მიღწევები გვაქვს, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – თქვა მინისტრმა.
ბოლო წლებია, ირანი იარაღს ავითარებს.
ჩატარდა ახალი თაობის Mersad-16-ის ირანული მრავალფუნქციური საზენიტო სარაკეტო სისტემის წვრთნა. ასევე, ირანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ არმიამ ახალი ფრთოსანი რაკეტა Paveh მიიღო, რომლის ფრენის დიაპაზონი 1650 კილომეტრს აღწევს.
გასული წლის შემოდგომიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ირანული წარმოების დრონებს – Shahed-131-ს და Shahed-136-ს იყენებს, თუმცა, რუსეთში აცხადებენ, რომ აპარატები რუსული წარმოებისაა და მათი სახელწოდებაა “გერან-1″ და გერან-2”. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ჩამოგდებული აქვთ ირანული წარმოების კიდევ ერთი დრონი – Mohajer-ი.
იანვარში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ირანის შვიდ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, რომლებსაც ამ დრონების წარმოებასთან აქვთ კავშირი.