“ლუკაშენკომ იცის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დამოუკიდებელ კურსს გაატარებს” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ე.წ. რესპუბლიკის საკავშირო სახელმწიფოში შესვლაზე საუბარი არ ყოფილა.

ამის შესახებ მან მოსკოვსა და მინსკში ბოლოდროინდელი ვიზიტების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ამ ისტორიულ ეტაპზე აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა. საკავშირო სახელმწიფო, როგორც მე მესმის, არის ერთგვარი ზედნაშენი. საკავშირო სახელმწიფოში სახელმწიფოებს შესვლა თავიანთი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით შეუძლიათ. ასეთი საკავშირო სახელმწიფო არსებობს ბელარუსსა და რუსეთს შორის. ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოს მონაწილეობის განხილვა ამ კავშირში“, – განაცხადა ბჟანიამ.

ამასთან, ბჟანია არ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ ბელარუსთან ეკონომიკური კავშირების დამყარება საჭიროა მხოლოდ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – რუსეთი 15 წლის განმავლობაში არ გვცნობდა, მაშინ როდესაც ძალიან სერიოზული ეკონომიკური კონტაქტები გვქონდა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო ბელარუსის ლიდერის პოზიცია, როდესაც აფხაზეთი ეკონომიკურ ბლოკადაში იყო. ბელარუსის პრეზიდენტმა მას მხარი არ დაუჭირა. მან იცის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დამოუკიდებელ კურსს გაატარებს და მე ამაზე ვისაუბრე“, – განაცხადა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები