გაიხსნება თუ არა ე.წ. გადასასვლელები საოკუპაციო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებთათვის სააღდგომო დღეებში – ერგნეთში IPMR-ის შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 111-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე განიხილეს როგორც უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი, ასევე უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევები და ე.წ. გამშვებ პუნქტზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური მსჯელობა. ჩვენი არგუმენტები მათ მოისმინეს. უმჯობესია, დავინახოთ შესაბამისი ნაბიჯები, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიდგომის გადაწყვეტილების შესახებ და ყველა უკანონოდ დაკავებული დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. საუბარი ასევე იყო უკანონო ბორდერიზაციის პროცესებზე. ასევე, განვიხილეთ ჰუმანიტარული პრობლემები. სასმელი და სარწყავი წყლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება ტექნიკური შეხვედრა და არის ყველა წინაპირობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ისევე, როგორც წინა წლებში. რაც შეეხება თავისუფალ გადაადგილებას აღდგომის დღესასწაულის დღეებში, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ე.წ გადასასვლელები გაიხსნას რამდენიმე დღით ადრე. ასევე, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მაცხოვრებლებმა მოინახულონ საფლავები და შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. არის მაღალი ალბათობა, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა დაბეჯითებით ვიტყვით, როცა გადაწყვეტილება გაზიარდება ცხელი ხაზით და მივიღებთ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები