ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას საერთოდ თუ დავეთანხმებით, მერე ვისაუბროთ ამაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა შედეგი შეიძლება დადოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც „ევროპელი სოციალისტები“ ითხოვენ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს.
„დიდი სიამოვნებით დავუსვამდი კითხვას ამ დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებს, რამ გაიძულათ? რა ოკუპაცია არ ჩაიწერებოდა, რას ჰქვია არ ჩაიწერებოდა? ათასჯერ მაქვს გამეორებული. გორამდე რომ ხალხი იყო შემოსული, ოკუპანტები, ჯარისკაცები, იმ ხალხზე რას იტყოდნენ, ესენი ტურისტები არიან თუ დამთვალიერებლებიო?! თუ რას იტყოდნენ?! რა კომპრომისი ეს არის? ფაქტი უკვე შემდგარი იყო, თუკი ვინმე ფიქრობს კიდევ, სხვა რაღაცაში ხომ არ არის საქმე, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს.
ჰიპოთეტურად რომ წამოგყვეთ, ჰიპოთეტურად რომ შეიქმნას კომისია, მაშინ ერთადერთი ამ წუთში რაც მაფიქრდება, არის ის, რომ პოლიტიკური განაჩენი შეიძლება გამოვიდეს – შენ ამას ხელი ისე მოაწერე, რომ არანაირი კომპრომისი ეს არ იყო. ისე მოაწერე ხელი 7-ში ომი დავიწყეთო ამას და ისე მოაწერე ქართველების სამხედრო დანაშაულს ხელი, რომ მეორე მხარეს სასწორზე ამაზე დიდი ვერაფერი დაიდებოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, „ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის ომის თემაზე ხელმოწერებს აგროვებენ.