საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, „ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის ომის თემაზე ხელმოწერებს შეაგროვებენ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, „ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დაიკარგა ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ. მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არ აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში: რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%; შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება; რას ურჩევდნენ, თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები; ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში. ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა; რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და, საერთოდ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული; – საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა, გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები