პაპუაშვილი – სამნიძის განცხადებაზე: მძიმე ის არის, რომ განხილვის საკითხი დგება ისტორიაზე, რომელზეც ჩვენ უნდა ვთქვათ, მჯერა თუ არ მჯერა
მძიმე ის არის, რომ განხილვის საკითხი დგება ისტორიაზე, რომელზეც ჩვენ უნდა ვთქვათ, მჯერა თუ არ მჯერა, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
„ერთი კითხვა მექნება, ამ საუბრის და ბოდიშის შემდეგ თავისი განცხადებები შეარბილეს?! ერთი ეს მაინტერესებს, თუ შეარბილეს?! ანუ თავის მხრიდან, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რომ საუბარი გვქონდა, ბოდიშები და მერე შევარბილეთო. იმის შემდეგ წლების განმავლობაში, როგორც მახსოვს 2016 წლამდე კოალიცია იყო. იმის თქმა მინდა, რომ არასერიოზულია ასეთი საუბრები და არც არის სწორი. რა უნდა ვთქვათ, ახლა ადამიანი რაღაც ისტორიებს ჰყვება, ეს ყველაფერი დავუჯერე – არ დაუჯერეს დონეზეა. მძიმე ის არის, რომ განხილვის საკითხი დგება ისტორიაზე, რომელზეც ჩვენ უნდა ვთქვათ, მჯერა თუ არ მჯერა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „TV პირველის” ეთერში გაიხსენა, როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. სამნიძის თქმით, მისი იმდროინდელი თანაპარტიელების განცხადებების გამო, ივანიშვილმა „რესპუბლიკელების” ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს, უთხრა, რომ იძულებული გახდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.