შალვა პაპუაშვილი: საუბარი როდესაც არის „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე, საბოლოოდ, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას

“საუბარი როდესაც არის „ხალხის ძალის“ ამ ინიციატივაზე, კანონზე და ასე შემდეგ, საბოლოოდ, ზრუნვის თუ წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ აქტორები გამჭვირვალე უნდა იყვნენ, ამაზე წინააღმდეგობის არსებობა შეუძლებელია.

„გუშინ არასამთავრობოებთან შეხვედრაზე, არც დღეს რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, არ იყო, პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს, რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება, სტიგმატიზება მოახდინოს. დასახელების მიმართ არის ხოლმე ეს წუხილი და ამიტომ არის სხვადასხვა საუბარი ამ კანონთან დაკავშირებით. როგორც კი გადავდივართ შინაარსსა და გამჭვირვალობაზე, ვფიქრობთ, აქ უფრო მეტი გაგება არსებობს იმის, რომ მოქალაქის უფლებაა, იცოდეს ამ აქტორების შესახებ და თავისთავად, ამ მხრივ, არსებობს აბსოლუტური ლეგიტიმური მიზანი ამგვარი რეგულაციის.

როდესაც დისკუსიაში შევდივართ, გუშინ იქნებოდა, თუ სხვა დროს, ძირითადად, მთელი დისკუსია კონცენტრირებულია ამ დისკუსიის სტიგმატიზებაზე, თითქოს ამ ინიციატივის მიზანი არის სტიგმატიზება. სტიგმატიზებით ცდილობენ იმის ახსნას, რომ ეს პროექტი ცდილობს სტიგმატიზაციას. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არის ხოლმე უთანხმოება, რაც შეეხება ფორმას, დასახელებებს. რაც შეეხება შინაარსს, ის, რომ გამჭვირვალე უნდა იყვნენ აქტორები, ამაზე არათუ ვთანხმდებით, ამაზე წინააღმდეგობაც შეუძლებელია, არსებობდეს. იმაზე, რომ დღეს ხარვეზიანია ეს სისტემა, გუშინ განხილვის დროს იყო მოსაზრება, თითქოს ყველაფერი ისედაც არის საჯარო. შემდეგ როდესაც ჩავედით დეტალებში, ყველა შევთანხმდით, რომ არა, დღევანდელი სისტემა ამას არ უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები