“დიდწილად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ვართ დამოკიდებული” – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „ჩვენ, დიდწილად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ვართ დამოკიდებული“.

ამის შესახებ მან სოხუმში მიმდინარე კონფერენციაზე – „სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც ფაქტორი მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის“ თქვა.

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ. მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა მან.

შამბა ამბობს, რომ „ენგურს მიღმა მყოფი მეზობლის ასეთი პოლიტიკის უკან არც რუსოფილია და არც ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი დგას”.

მისი თქმით, “საქართველოს ხელისუფლების ეს საქციელი” განპირობებულია წმინდა პრაგმატული მიზეზებით.

„თუმცა, ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად იძულებული გახდება, მეორე ფრონტი გახსნას? – დაინტერესდა შამბა.

მან დასძინა, რომ “აფხაზეთმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილოს”.

„პირველ ყოვლისა, ჩვენ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, შესაბამისი მითითებები პრეზიდენტმა უკვე გასცა. მეორეც, რაც შეიძლება მალე, უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადაიარაღების, ჯარის უახლესი ტიპის იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის საკითხებს. მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ახალი რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების”, – აღნიშნა სერგეი შამბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები