ერდოღანი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში შენობებს ახალი სტანდარტებით ააშენებენ
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის 11 პროვინციაში 31 ათასი შენობა დაინგრა.
ამის შესახებ მან მმართველი ფრაქციის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” სხდომაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, უახლოეს მომავალში, დაზარალებული ტერიტორიების ფართომასშტაბიანი აღდგენა დაიწყება.
„მთლიანობაში, დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულ პროვინციებში 468 031 სახლის აშენებაა დაგეგმილი. პირველი – 21 244 სახლის მშენებლობა, უახლოეს დღეებში დაიწყება. „ჰორიზონტალური არქიტექტურიდან“ გადახრები არ იქნება. ასევე, ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობას რღვევის ხაზებთან“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს კატასტროფებზე რეაგირების მოდელის „თურქეთის ეროვნული რისკის ფარის“ შემუშავებას, რომლის პირველი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
გარდა ამისა, ერდოღანმა თქვა, რომ ხელისუფლება დაზარალებული რეგიონების ეკონომიკის სტიმულირებისთვის ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ამ გამოცდასაც გაუძლებს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.