ქსელური აღჭურვილობის დეფიციტის გამო, რუსეთში მობილური ინტერნეტის სიჩქარე ნელდება
რუსეთში მობილური ინტერნეტის სიჩქარე შენელდა. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული ქსელური აღჭურვილობის დეფიციტს უკავშირდება.
TelecomDaily-ის ანგარიშის მიხედვით, მოსკოვის გარდა, მობილური ინტერნეტის სიჩქარე ყველა რეგიონში ეცემა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიჩქარე საშუალოდ 7%-ით – 18,3 Mbps-მდე შენელდა, დედაქალაქში კი პირიქით, მესამედით გაიზარდა – 34.7 Mbps-მდე.
ექსპერტებმა მობილური ინტერნეტის სიჩქარის ვარდნას დასავლეთის სანქციების ფონზე ქსელური აღჭურვილობის დეფიციტით ახსნეს. მობილური ოპერატორები აღჭურვილობას, ძირითადად, დიდ ქალაქებში ანახლებენ.
“სწორედ იქ არის ყველაზე დიდი მოთხოვნა მათ სერვისებზე. გარდა ამისა, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კომუნიკაციის ნებისმიერი სირთულე ოპერატორებისთვის იმიჯის სერიოზული პრობლემების წყარო გახდება. და, პირიქით, ვერავინ შეამჩნევს, თუ სიჩქარე შორეულ რეგიონულ ცენტრში 20-30%-ით შემცირდება”, – თქვა TelecomDaily-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენის კუსკოვმა.