„ფილტვის ახლადაღმოჩენილი დაავადება „ვეიპერებს“ ემართებათ“ – „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორი ელექტრონული სიგარეტის საფრთხეების შესახებ
„ფილტვის ახლადაღმოჩენილ დაავადებას, „ევოლის“ ელექტრონული სიგარეტების , ე.წ. „ვეიპერების“ მოხმარება განაპირობებს. დაავადება ფილტვის ქსოვილის ძალიან სერიოზულ ფიბროზულ გადაგვარებებში გამოიხატება“, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაღრაძის თქმით, როდესაც დაავადების შემთხვევები დეტალურად შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ „ევოლი“ მხოლოდ იმ პირებს ემართებოდათ, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს და „ვეიპერებს“ მოიხმარდნენ.
„აშშ-ში, ევროპაშიც ელექტრონული სიგარეტები ფართოდაა გავრცელებული. 2019 წლიდან უცნაური და ჯერ კიდევ შეუცნობელი დაავადება დაფიქსირდა, რომელსაც „ევოლი“ უწოდეს, რაც ელექტრონული სიგარეტებით და „ვეიპერებით“ გამოწვეულ ფილტვის დაავადებას ნიშნავს. დაავადება გამოიხატებოდა ფილტვის ქსოვილის ძალიან სერიოზულ ფიბროზულ გადაგვარებებში. ბევრი შემთხვევა სიკვდილითაც კი დასრულდა. როდესაც შემთხვევები დეტალურად შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება მხოლოდ იმ პირებს ემართებოდა, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს და „ვეიპინგებს“ მოიხმარდნენ. დაავადება განპირობებული იყო ელექტრონული სიგარეტების შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებით, კერძოდ, E ვიტამინის აცეტატებით, კანაბინოლის ზეთით და ა.შ. ზუსტად ეს იწვევდა ამ დაავადებას. ასევე, დადასტურებულია, რომ ელექტრონული სიგარეტების და სხვა ახალი პროდუქტების მოხმარება მოზარდების ტვინზე მძიმე გავლენას იწვევს. არ მინდა, საზოგადოებამ ისე გაიგოს: ერთი პროდუქტი სჯობს თუ მეორე. ზოგადად, თამბაქოს ყველა პროდუქტი საწამლავი, საშინელებაა, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მასზე საერთოდ უარის თქმაა“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისივე თქმით, ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ფაქტები რამდენჯერმე სკოლებშიც კი დააფიქსირეს, რაც ძალიან საგანგაშოა.
„ბოლო პერიოდში რაც გარკვეულად განგაშის ზარების შემოკვრის მიზეზს გვაძლევს, არის ის, რომ ელექტრონული სიგარეტების მოწყობილობების, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა. ისეთი დამოკიდებულება იგრძნობა, თითქოს, ეს პროდუქტი კანონის მოქმედების ქვეშ არაა. თითქოს, მისი მოხმარება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაშვებულია, თითქოს, ის გარშემომყოფებისთვის უვნებელია. ამას, ერთი მხრივ, ხელს თავად თამბაქოს ინდუსტრიის მიზანმიმართული პიარი და საინფორმაციო მუშაობა უწყობს. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ასეთი პროდუქტები ჩვეულებრივ სიგარეტზე თავის დანებების საშუალებაა, თითქოს, ნაკლებად უსაფრთხოა. როგორც ჩანს, დაწესებულებების ადმინისტრაციებშიც და მოსახლეობაშიც ის დამოკიდებულება, რომ თითქოს ასეთი პროდუქტების მოხმარება შეიძლება, სწორედ ამ კამპანიამ განაპირობა. ბოლო პერიოდში მონიტორინგის შედეგად ასეთი პროდუქტების მოხმარების რამდენიმე შემთხვევა კაფე-ბარებში, რესტორნებში, თუ სხვა დაწესებულებებში გამოვავლინეთ, რაზეც რეაგირება მოხდა. რაც შეეხება ჯარიმებს: დაწესებულება ჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით, მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე ერთი წლის განმავლობაში 2 000 ლარით. ხოლო პირს რაც შეეხება – ის შესაბამისად 100, 200 და 300 ლარით ჯარიმდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – აქ მთავარი დამოკიდებულების საკითხია.
ელექტრონული სიგარეტის მოხმარების ფაქტები რამდენჯერმე სკოლებშიც კი დავაფიქსირეთ, რაც ძალიან საგანგაშოა. ძალიან ცუდია ის, რომ მშობლებსაც კი ბოლომდე არ აქვთ რისკები გაცნობიერებული. ისეთი ფაქტებიც კი იყო, როცა მშობელი თავად ურჩევდა შვილს, გემოების და არომატების მიხედვით რომელი ელექტრონული სიგარეტი ეყიდა. ამაზე მაღაზიის კონსულტანტებს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. რატომღაც მოსახლეობას მიაჩნია, რომ ასეთი პროდუქტები უსაფრთხოა, არადა, მსოფლიო მასშტაბით უკვე ბევრი კვლევა არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ელექტრონული სიგარეტი, იგივე გასახურებელი თამბაქო ხშირ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმისთვის შეიძლება, უფრო მეტი რისკის მატარებელიც კი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.
თამუნა შეყილაძე