“ჩვენი მთავარი ამოცანა აფხაზეთის სუვერენიტეტის განმტკიცებაა” – ინალ არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, “აფხაზეთის მთავარი ამოცანა საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერებაა”. მისი თქმით, ამას ხელს ინტეგრაციული გაერთიანებები შეუწყობენ.
ამის შესახებ არძინბამ ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში თქვა.
„ჩვენ ვხედავთ ინტეგრაციულ გაერთიანებებში ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების პოტენციალს, რაც ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგია. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული სამართლიანობის განსახიერება. და რუსეთის ფედერაცია ამაში გვეხმარება“, – თქვა მან.
არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აწყობს მსგავს გაერთიანებებს სუვერენული თანასწორობის პრინციპით, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, რომელიც “დიქტატორულ ნებას თავს ახვევს თავის ეგრეთ წოდებულ პარტნიორებს”.
ამასთან, არძინბამ დასძინა, რომ ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მხარეებს შორის დიალოგის დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.