2023 წლის იანვარში ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა – გოგიტა თოდრაძე მიზეზებს განმარტავს

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8.4%-ით, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგოტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა – მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი და ასევე სასტუმროები და რესტორნები.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობისა და ენერგეტიკის სექტორებში.

“2023 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 39%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 25.2%-ით.

2023 წლის იანვარში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6260-მდე ახალი საწარმო, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

18.6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დროს გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 10 მილიარდ 51 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში:
მშენებლობის სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიცაა გზების და ხიდების მშენებლობა და სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან, როგორიცაა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები.

აქვე აღსანიშნია, რომ 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მოცულობა. დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი ცემე ტის და ლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.

ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე ტვირთვის სატრანსპორტი დამუშავებასა და დასაწყობებასთან, რასაც საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე ტენდენციები განაპირობებს.

საფინანსო და სადაზღვეო სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.

ვაჭრობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ავტომობილებით და მათი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოება. 2023 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი, განსაკუთრებით დიდი ზრდაა სომხეთისა და ყაზახეთის მიმართულებით.

გარდა ამისა, ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა არა სპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელითა და თამბაქოს ნაწარმით, გაზრდილია ასევე ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობის მაჩვენებელიც.

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად განაპირობა კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე IT მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის გაფართოებამ.

ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც განპირობებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხირციელებული ვიზიტების ზრდასთან.

როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე დარგში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი. კლება ძირითადად დაკავშირებული იყო, ძირითადი ლითონების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების შემცირებასთან.
მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, დაახლოებით 47%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი.

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში კლების მიზეზად სახელდება სარეკლამო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება.

ენერგეტიკის სექტორში კი კლება ძირითადად განპირობებულია ჰოდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების შემცირებასთან, დაახლოებით 27%-ით შემცირდა აღნიშნული მაჩვენებელი”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები