„წარმოუდგენელია, დღეს რუსეთის ეკონომიკამ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან კონკურენციაში ომის ეკონომიკის გამოწვევას გაუძლოს” – გიორგი ცუცქირიძე
თუ თავის დროზე გერმანულმა ეკონომიკურმა მანქანამ წააგო ანგლოსაქსურ კოალიციასთან გაერთიანებულ საბჭოთა კავშირთან, წარმოუდგენელია, დღეს რუსეთის ეკონომიკამ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან კონკურენციაში ომის ეკონომიკის გამოწვევას გაუძლოს, – ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აქ მთლიანად ნატო- ს ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალი იგულისხმება, რაც გლობალური ეკონომიკის 60 % – ზე მეტია, რუსეთის ეკონომიკის 1.4 %-იანი წილის საპირისპიროდ.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთის ეკონომიკა არათუ 5 -წლიანი ომისათვის, არამედ საერთაშორისო სანქციების პირობებში, რასაც უკრაინის არმიის შეუქცევადი გაძლიერება და ტექნოლოგიური აღჭურვა ემატება, სულ მინიმუმ 3- წლიან საომარ მოქმედებებსაც ვერ დააფინანსებს.
“გლობალური თამაშები და საქართველო (ნაწილი მეთექვსმეტე)
1941 წელი გადამწყვეტი თარიღია მეორე მსოფლიო ომში, რადგან მან გერმანია ორ ფრონტზე ომისკენ მიიყვანა. აღსანიშნავია: როგორც ამბობენ, სტალინმა თავიდან არ დაიჯერა, რომ ჰიტლერს, რომელიც სსრკ-ის მოკავშირე უფრო იყო, ამაზე ფიქრიც კი შეეძლო. მაგრამ ჰიტლერისთვის უზარმაზარი აღმოსავლეთის იმპერიის დაპყრობა, მდიდარი ბუნებრივი და ადამიანური რესურსებით იყო ლოგიკური, თუმცა, შემდგომში ომის მსვლელობამ აჩვენა ამ მეტად სარისკო გადაწყვეტილების მიღების ფატალური შედეგი. მთავარი კი ის გახლდათ, რომ მან სათანადოდ ვერ შეაფასა საბჭოეთის წინააღმდეგობის უნარი. საბჭოეთზე თავდასხმის ოპერაცია ცნობილი კოდურის სახელწოდებით – “ბარბაროსა”, ნაცისტური იდეოლოგიის პრაქტიკაში განხორციელებასთან ერთად, მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის დასავლეთი ნაწილის დაპყრობას, მისი ტერიტორიის გერმანელებით დასახლების მიზნით და ე. წ. სასიცოცხლო სივრცის შექმნას გერმანელი ერისათვის. თუმცა, ჰიტლერი არ იყო უბრალოდ ავანტიურისტი ან თავზეხელაღებული ფანატი, რაც სსრკ-ში შეჭრამდე მისმა მეტად პრაგმატულმა და დეტალებში გათვლილმა ევროპულმა ინტერვენციებმა დაადასტურა, რაც ემყარებოდა იმდროინდელი ევროპული დაქსაქსულობას და ცალკეული სახელმწიფოების სახელმწიფო ეგოიზმს. საბჭოეთში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კი წითელი არმიის დეზორგანიზაცია იყო მიჩნეული იმის გათვალისწინებით, რომ 1937-იანი წლების წმენდით, ბევრი მაღალი რანგის სამხედრო პირი ან დახვრიტეს ანდა გულაგებში აღმოჩნდა! შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ სტალინმა მთლიანად გადახედა 1937 წლის ტერორის შედეგებს სამხედრო პირებთან მიმართებით, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თავიდან გერმანული ჯარების საწყისი წინსვლა ისეთივე სწრაფი იყო, წითელი იმპერიის კაპიტულაციას წინ არაფერი ედგა! ოქტომბრის დასაწყისში გერმანული არმიის ნაწილები უკვე იმყოფებოდნენ მოსკოვის გარეუბანში და რეალურია თვალსაზრისი, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სტალინი იმდენად დემორალიზებული იყო და მშვიდობის დამყარებას და ზავზე ფიქრობდა. მაგრამ ისტორია, ზოგჯერ სხვა რამითაც არის გამოუცნობი. მართალია, ზამთარმა რუსეთს სულზე მიუსწრო, რასაც დაემატა დიდი სივრცის, ცოცხალი ძალის რეზერვების დიდი პოტენციალი, თუმცა, საბჭოთა არმიის ფიზიკური გამძლეობა, მიუხედავად ძალიან დიდი მსხვერპლისა და საბჭოთა პატრიოტიზმი არ იქნებოდა საკმარისი, ფაშისტური გერმანიის დასამარცხებლად. ომი ფაშისტურ გერმანიას, ფაქტობრივად, ჰიტლერის არასწორმა წარმოდგენებმა და, მეორე მხრივ, ამ ომის დროში გაწელვამ წააგებინა. გერმანული სამხედრო მანქანისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირმა დრო გაცილებით ეფექტური ორგანიზებისთვის გამოიყენა, მათ შორის ანგლოსაქსურ სამყაროსთან ალიანსის გაფორმებით და ნიჭიერი სამხედრო მეთაურების ომში ჩართვით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაათავისუფლეს გულაგებიდან და სამართლიანად ითვლება, რომ 1942-45 წლები იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სტალინმა შედარებით ლიბერალური რეჟიმი დაუშვა. საპირისპიროდ, საბჭოთა რუსეთთან ომი სამ თვეში არ გადაწყვეტილა, როგორც ამას ჰიტლერი ელოდა, გერმანია დამარცხდა, რადგან ეკონომიკა არ იყო მზად ხანგრძლივი ომის საწარმოებლად. მიუხედავად მისი ევროპული სამხედრო ტრიუმფებისა, მას ჰქონდა წარმოებული, ბევრად ნაკლები თვითმფრინავი და ტანკი, ვიდრე თუნდაც ბრიტანეთმა და რუსეთმა აწარმოა ომის მსვლელობაში აშშ-ს მხარდაჭერის გარეშეც კი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ახალი შეტევა 1942 წელს, ისეთივე ბრწყინვალედ წარმატებული ჩანდა, როგორც ყველა სხვა ევროპული ოპერაცია, რასაც მოჰყვა გერმანიის ჯარების შეტევა კავკასიის ფრონტზე და ვოლგისპირეთში, ომის დასამთავრებლად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. გერმანული ჯარების შეტევა ძირითადად ხმელეთზე ხორციელდებოდა და ბოლოს გარშემორტყმული და იძულებული გახდა დანებებულიყო, 1943 წლის მარტში სტალინგრადის წარუმატებელი ოპერაციისას. სტალინგრადის სამხედრო ფიასკოს შემდეგ ყველამ იცოდა გერმანიის დამარცხება მხოლოდ დროის საკითხი იყო და ჰიტლერის ლიკვიდაციის მცდელობაც გენერალიტეტის ნაწილის მხრიდან ამის დასტური იყო. ეს მცირე ისტორიული რაკურსი იმიტომ მოვიყვანე, რომ ძალიან ბევრი პარალერის გავლება შეიძლება პუტინის უკრაინული ოპერაციის შესაფასებლად.
პუტინის მთავარი შეცდომა და თან ვფიქრობ ფატალურიც, სწორედ სიტუაციის შეუფასებლობაშია. მასაც ჰქონდა არასწორი ინფორმაცია და წარმოდგენებიც უკრაინული ეპოპეის რამდენიმე კვირაში დასრულების რწმენით. ამაზე მიუთითებს, ბევრი რუსი მაღალჩინოსნის მოხსნა და ნაწილის შინაპატიმრობა, ვისაც სწორედ ამ შეჭრის და ოპერაციის ბლიცკრიგით დასრულების წინაპირობები უნდა შეექმნა! წარმოუდგენელია, თუ თავის დროზე, გერმანულმა ეკონომიკურმა მანქანამ წააგო ანგლოსაქსურ კოალიციასთან გაერთიანებულ საბჭოთა კავშირთან, დღეს რუსეთის ეკონომიკამ გაუძლოს ომის ეკონომიკის გამოწვევას მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან კონკურენციაში, აქ მთლიანად ნატო- ს ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს ვგულისხმობ, რაც გლობალური ეკონომიკის 60 % ზე მეტია, რუსეთის ეკონომიკის 1.4 %-იანი წილის საპირისპიროდ ! ჩვენ მალე იმასაც ვნახავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა არა თუ 5 -წლიანი ომისათვის, არამედ საერთაშორისო სანქციების პირობებში, რასაც უკრაინის არმიის შეუქცევადი გაძლიერება და ტექნოლოგიური აღჭურვა ემატება, სულ მინიმუმ 3- წლიან საომარ მოქმედებებსაც ვერ დააფინანსებს! ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ამ გაზაფხულზე რუსული შეტევის ახალი ფაზა თავისებურ ინდიკატორადაც კი მიიჩნევა ომის დასრულების კონტურების შესაფასებლად. შემთხვევითი არც ბატონი მედვედევის ბოლო განცხადებებია, სადაც მან ვითომდა დასავლეთის დაშანტაჟებით, ატომური ომის საფრთხით, რუსეთის კაპიტულაციაზე, რასაც მისივე შეფასებით რუსეთის უცილობელი დაშლა მოჰყვება, რეალურად სწორედ რუსეთის მარცხი დააანონსა! სხვა პარალელების მოყვანაც შემიძლია, როგორც ნაცისტური გერმანიის ელიტა გასამართლდა ნიუნბერგში, რუსულ ელიტასაც იგივე პერსპექტივა ელოდება და არც გერმანელებზე დიდი ერი რუსები არ არიან, ვინმემ დაინდოს!
საქართველომ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და ფაქტობრივად პოსტომის შემდგომი პერიოდის პერსპექტივით, სულ მცირე შუა დერეფნის გაძლიერების ისტორიული შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რაც მხოლოდ გლობალური პროექტების ამოქმედებით გახდება შესაძლებელი. აქ ვგულისხმობ ანაკლიის პროექტსაც, შავ ზღვაზე გამავალ ელექტროკაბელის პროექტსაც და ხუდონჰესსაც, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ეკონომიკის პროგრესული, ანუ სწრაფი ზრდის უალტერნატივო გადაწყვეტა იქნება, ასევე ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებულ პლატფორმაზე გადასვლაც! არა უბრალოდ ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივების საკამათო ხასიათშია პრობლემა, ან ტერმინოლოგიურ დეფინიციებში, არამედ ზოგადად ანტიდასავლური დისკურსის გაძლიერებაში, რაც ქვეყანას სერიოზული რისკების წინაშე აყენებს! ზოგადად დასავლეთი იდეალური არც გუშინ ყოფილა, არც დღეს არის და არც ხვალ იქნება, ის არის ის, რაც არის, მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა, დღემდე რჩება ქრისტიანული ცივილიზაციის ფორპოსტად და რომლის ალტერნატივაც არის არა რუსეთი, არამედ კონფუცისტურ-კომუნისტური ჩინეთი და რადიკალური ისლამი! რუსეთს ამ ომში ,პრაქტიკულად, გარდა დამარცხებისა და ფაქტიური კაპიტულაციისა, სხვა შანსი უბრალოდ არა აქვს. იმისდა მიუხედავად, ეს პუტინის პირობებში, თუ მის გარეშე მოხდება, ჩვენ, მით უმეტეს, დასავლური ვექტორის დაკარგვა კარგს არაფერს გვიქადის! ქვეყანა უნდა მოემზადოს პოსტომისეული პერიოდისათვის თან ისე, რომ ამ ომიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს, ეს არის არა მხოლოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად პოლიტიკური კლასის ეროვნული ამოცანაც, აქ უპასუხისმგებლო და რევოლუციებზე მეოცნებე პოლიტიკურ ჯგუფებს არ ვგულისხმობ“, – წერს ანალიტიკოსი.