რატი იონათამიშვილი: ისტერიულ კამპანიას ვხედავთ, რომლის უკანაც დგანან ადამიანები, ვისაც წაკითხული არ აქვთ ეს კანონპროექტი

„ხალხის ძალის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ძალიან უცნაური პროცესები წარიმართა, გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არავის არაფერი უნდა ჰქონდეს, პირიქით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ხალხის ძალის” კანონპროექტთან დაკავშირებით საჭიროა კონკრეტული არგუმენტებით ოპონირება.

“ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს – რაც უფრო გამჭვირვალედ საქმიანობ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მაღალი არის დემოკრატიულობის სტანდარტი როგორც შენს საქმიანობაში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ვხედავთ ისტერიულ კამპანიას, რომლის უკანაც დგანან ადამიანები, ვისაც წაკითხული არ აქვთ ეს კანონპროექტი. ასევე არგუმენტი ჰქონდათ, რომ ეს არის რუსული პროექტი, მაშინ როდესაც ვიცით, რომ ეს არის ამერიკული პროექტი, სიტყვასიტყვით ნათარგმნი. შესაბამისად, გამოდის, რომ ამერიკელებზე ამბობენ, რუსული კანონი აქვთ მიღებულიო, რაც სრული აბსურდია. თუ სხვა არგუმენტები არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტები საერთოდ არ ჰქონიათ. უკვე აღარ გვიკვირს ისიც, რომ დღეს გამოვიდნენ და თქვეს, რომ განხილვის გარეშე უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. თუ შენ რაიმე არ მოგწონს შემოთავაზებულ კანონპროექტში, ეს შენთვის შეიძლება პოლიტიკურად მომგებიანიც იყოს. თუ არგუმენტები გაქვს, ოპონირების დროს საზოგადოებას შენ დაანახებ, სად არის სიმართლე. ასეთი შინაარსის კანონები განიხილება ევროკავშირშიც, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ. თუ ევროკავშირში თვლიან, რომ ამ საკითხებზე გამჭვირვალობის წინ წამოწევაა მნიშვნელოვანი, საქართველოში ხომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, იმიტომ რომ უსაფრთხოების რისკები აქ უფრო მაღალია? ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია იმ ქვეყნის მიერ, ვინც უკრაინაში ცდილობს, ოკუპაცია მოახდინოს. მოდით, ჯერ წავიკითხოთ ეს კანონპროექტი, ვიმსჯელოთ მასზე, და გვქონდეს ოპონირება კონკრეტული არგუმენტებით“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები