“ბოინგის” ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 20 ადამიანის ცხედარს მალაიზიაში დღეს გადაასვენებენ
უკრაინის აღმოსავლეთით, “ბოინგის” ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 20 ადამიანის ცხედარს დღეს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გადაასვენებენ. მალაიზიაში ამ დღესთან დაკავშირებით გლოვა გამოცხადდა.
“მალაიზიის ავიახაზების” რეისი MH17 დონეცკის ოლქში 17 ივლისს ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, სულ 298 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ავსტრალიის, მალაიზიის, ინდონეზიის, გერმანიის, ბელგიიის, ფილიპინების, კანადის და ბრიტანეთის მოქალაქეები. დაღუპულთა შორის იყვნენ ბავშვები.
არსებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს, თუმცა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საგამოძიებო ჯგუფს ჰოლანდიური მხარე ხელმძღვანელობს.