“თუკი ომში საქართველოს ჩათრევა უნდათ და ამაზე წინააღმდეგი ვართ, ეს ანტიევროპულობას არ ნიშნავს, მით უმეტეს, პრორუსულობას” – გია ვოლსკი

“პეტერ ფიშერი არასწორად ახასიათებს საქართველოს, თითქოსდა, ჩვენ შევაჩერეთ ევროპისკენ სვლა – საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებების, ან ბიუროკრატიის კრიტიკა ნიშნავს ევროკავშირისგან დაცილებას, არის არათუ უსამართლობა, არამედ გეგმაზომიერი მავნებლობა, რასაც პეტერ ფიშერი ჩადის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ “საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა, მათ არ შეუძლიათ, ეს მოსახლეობას უთხრან”.

“ფიშერს აქვს გარკვეული მიზეზები, რომ ჰქონდეს ესოდენ მკვახე გამონათქვამები საქართველოს, მისი საზოგადოების მიმართ. აქ გარკვეული პიროვნული თემებიც არის, რასაკვირველია, მაგრამ მის წარმოდგენაში ევროკავშირი არის ის, რაზეც ლაპარაკობს მაგალითად, მარტა კოსი, როდესაც იგივე ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების მხრიდან, ნებისმიერი კრიტიკა თუ თვითკრიტიკა, ითვლება პრორუსულობის გამოხატულებად. ეს სტანდარტი ევროკავშირში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ იმ საშუალო თუ უმაღლესი მონაცემებით, რომელიც ახასიათებს ევროპულ ქვეყანას. ჩვენ თუ ამ სტანდარტებით წინ ვართ, კონკრეტულად იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებების ან ბიუროკრატიის კრიტიკა თავად ნიშნავს ევროკავშირისგან დაცილებას, არის არათუ უსამართლობა, არამედ გეგმაზომიერი მავნებლობა, რასაც პეტერ ფიშერი ჩადის. პეტერ ფიშერმა სერიოზული ზარალი მოუტანა გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობებს. ურთიერთობებში შემოიტანა სერიოზული პრობლემა. რასაკვირველია, ელჩი ის ფიგურაა, რომელიც დედაქალაქს [ბერლინს] აწვდის ინფორმაციას. მისი ინფორმაცია ინტენსიურად არასწორია, როგორც ამას ვხედავთ ღია განცხადებებში. არასწორად ახასიათებს საქართველოს, თითქოსდა, ჩვენ შევაჩერეთ ევროპისკენ სვლა, მაშინ როდესაც მსოფლიოს ყველა ინსტიტუტი გვეუბნება, რომ საქართველო არის მოწინავეთა შორის იმ სტანდარტების მიღწევაში, რასაც განაპირობებს ეს ასოცირების ხელშეკრულება. თუკი საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ და ამაზე წინააღმდეგი ვართ, ეს ანტიევროპულობას არ ნიშნავს, მით უმეტეს, პრორუსულობას. შედეგი ამის არის ის, რომ ამდენი ხანია, ჩვენი ელჩი წარდგენილია და იქ სათანადო განხილვა არ აქვს ამ თემას. ასე რომ, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ გამოხატულებად, მაგრამ იმედს გვაძლევს გამონათქვამები, რომელიც ჰქონდა გერმანიის მაღალ წარმომადგენელს, როცა ვიშეგრადის ჯგუფი იყო ჩამოსული. ზოგიერთი საკითხი მან ტექნიკურ ხარვეზად შეაფასა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტია [გერმანიის ვებ-გვერდზე]. თუკი ტექნიკურია, ან თუკი ეს გარკვეული დიპლომატიური ჟესტია თავის მართლების ასეთი ფორმა, ჩვენთვის ეს მისაღებია და მოველით რომ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდება,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები