“საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა; შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს” – პაატა იმნაძე
“საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს – შეიძლება, წელიწადში რვამდე იყოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
როგორც იმნაძემ განმარტა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს.
„მთავარია, რომ ადგილობრივი გადაცემა ჩვენთან არ არის აღწერილი. მაგალითად, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი შემთხვევები უკვე აღწერილია და ეს გადამტანით გადაცემადი დაავადებაა. ასე რომ, გადამტანი თუ არ არის, იქ ვერ გავრცელდება. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. საავადმყოფოში, სადაც იწვა, ჩატარებულია დეზინფენქცია, ანუ მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ეს ჩვეულებრივი პროტოკოლია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს. პაციენტი გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტი, რომელსაც დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა.