ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს და გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს და გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ორ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნების დაზვერვის დავალებით, სისტემატურად აგროვებდნენ და აწვდიდნენ მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული მიღებული თანხიდან ნაწილს სადაზვერვო ინფორმაციის მომპოვებელ სხვა პირებსაც გადასცემდა”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალდება ჯაშუშობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები