“ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის მომენტიდან იწყება ის პროცესები, რასთანაც დაკავშირებულია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოების მდგომარეობის შენარჩუნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა.
„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გასული წელი, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენ, ამ ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ წელს მოვახერხეთ როგორც მშვიდობის, ასევე, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ეს ბუნებრივია იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამასთან ერთად ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა, არის ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვქონდა როგორც შარშანწინ, ასევე შარშან, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანწინ მეორე ადგილზე გავედით ევროპასა და რეგიონში, შარშან – პირველზე. $4250 იყო ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე და ახლა $6800-ია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები ეკონომიკის სფეროში და ამ მიღწევებმა ჩვენ მოგვცა სოციალური პაკეტების გაუმჯობესების საშუალება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხები, რაც პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც პრემიერ-მინისტრს უკავშირდება და სწორედ მისი პრემიერობის მომენტიდან იწყება ის პროცესები, რასთანაც დაკავშირებულია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოების მდგომარეობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.