ირაკლი მეზურნიშვილი: 2022 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკისა
„2022 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკისა, რადგან, მოგეხსენებათ, რაოდენ დაძაბული სიტუაციაა ზოგადად რეგიონში და ამ პირობებში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისთვის”, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დასტაბილურდა ლარის კურსი, გაიზარდა ვაჭრობა და შემცირდა უმუშევრობა. ირაკლი მეზურნიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებზე გაამახვილა.
„წამლები ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ კუთხით ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასი წამლებზე. ასევე, პრემიერის ინიციატივით, რეფერენტული ფასების დაწესებით, დაახლოებით 200 მლნ. ლარამდე დაზოგავს ჩვენი ხალხი მედიკამენტებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მარჟები არის ძალიან მაღალი და ევრო დირექტივის მიხედვით, პრემიერმა ძალიან კარგი ინიციატივა დააანონსა. მას აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვექნება შედეგები”, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.