ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობის და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში.
„ბოლო ინფორმაცია რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს, წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ისტორიული მინიმუმი, როგორც უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.