ირაკლი ქადაგიშვილი: “ხალხის ძალის“ კანონპროექტის მთავარი პრინციპია დაფინანსების გამჭვირვალობა
“კანონპროექტის მთავარი პრინციპია დაფინანსების გამჭვირვალობა. ამ გაგებით, პროექტს მხარს ვუჭერ. არანაირ შეზღუდვას და აკრძალვას არ ითვალისწინებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი რეპრესიული არ არის.
„მისი დედაარსია ის, რომ, როგორც ყველაფერი სახელმწიფოში – პოლიტიკური პარტიებით დაწყებული, ყველა სახელმწიფო დაწესებულებით დამთავრებული, საჯარო და ღია უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ეს რეპრესიული კანონი არ არის. ეს არის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საჯაროობას. შევთანხმდეთ, რომ თუ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ეს არის კარგი. როგორც ვამჩნევ, ინგლისური ტერმინის ქართულ თარგმანშია პრობლემა, თუ რატომ უნდა ერქვას „აგენტი“, როგორც ეს ამერიკულ კანონში წერია. არავინ დავობს იმაზე, რომ საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს ტერმინი უნდა არსებობდეს თუ არა, ამაზეა ახლა დისკუსია. როდესაც ადამიანი თუ ორგანიზაცია რაღაცის აგენტად ფიქსირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც აკრძალულს, არაკანონიერს ან ცუდს აკეთებს. როგორც ჩანს, ტერმინმა გამოიწვია აღშფოთება. „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ნათარგმნია ამერიკულიდან, საიდანაც მოდის სიტყვა „აგენტი“. აშშ-ში ფიზიკური პირი ათი ცენტის ხელშეკრულებას თუ გააფორმებს, ის ვალდებულია, იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდეს. როგორ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ ორგანიზაციაში ამხელა თანხა იყო გადახდილი? კერძო პირმა ხელშეკრულება გააფორმა და ესეც კი ვალდებულება იყო. ამ შემთხვევაში, ლაპარაკია მხოლოდ აიპებ-ზე, იურიდიულ პირებზე და არა – კერძო პირებზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.