იენს სტოლტენბერგი – უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე: ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, რადგან ჩვენ ეს ვიცოდით
ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, რადგან ჩვენ ეს ვიცოდით, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნატომ მოსკოვის განზრახვის შესახებ 24 თებერვლამდე რამდენიმე თვით ადრე იცოდა.
„დასაძინებლად წავედი, მაგრამ ღამე ძალიან მოკლე იყო. ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ვინმე გამაღვიძებდა. ასეც მოხდა. დაახლოებით 04:00 საათზე კანცელარიის ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა, რომ დაიწყეს. უფრო სწორად, შეჭრა დაიწყო. ამაში არაფერი იყო მოულოდნელი, რადგან ჩვენ ეს ვიცოდით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.