„პუტინს სხვა ევროპა სურს, სადაც მას მეზობლების კონტროლი შეუძლია“ – იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირების ახალი ეპოქისთვის, რომელიც შესაძლოა გრძელვადიანი იყოს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინს სხვა ევროპა სურს, სურს ევროპა, სადაც მას მეზობლების კონტროლი შეუძლია, სადაც მას შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნებს რისი გაკეთება შეუძლიათ. გრძელი გზისთვის უნდა ვიყოთ მზად, ეს შეიძლება მრავალი, მრავალი, მრავალი, მრავალი წელი გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ის ვერ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ახალი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რადგან ცვლილებები შეიძლება მოულოდნელად მოხდეს, როგორც ეს მოხდა ისტორიაში.
„ჩვენ ვნახეთ ბერლინის კედლის დანგრევა და 11 სექტემბერი. ნატო ყოველთვის ეძებს შესაძლებლობას აღმოჩნდეს ვითარებაში, როდესაც უკეთესი ურთიერთობებისთვის არის ადგილი, მაგრამ რუსული რეჟიმის, მოსკოვში მყოფი რეჟიმის ამჟამინდელი საქციელით ეს შეუძლებელია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.