Politico: ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეში კიდევ ორი ევროპარლამენტარი ფიგურირებს

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ბელგიური პოლიციის მიერ გაცემულ დაკავების ორდერში კიდევ ორი ევროპარლამენტარი ფიგურირებს.

საუბარია ბელგიელ მარია არენაზე და იტალიელ ალესანდრა მორეტიზე, რომლებიც კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული კოლეგის, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში არიან ნახსენები. კოცოლინოს დაკავების ორდერი ბელგიელმა მოსამართლემ, მიშელ კლეზმა 10 თებერვალს გასცა.

დოკუმენტის თანახმად, არენა და მორეტი, ანდრეა კოცოლინოსთან და კიდევ ერთ დაკავებულ ევროდეპუტატთან, მარკ ტარაბელასთან ერთად, მოქმედებდნენ ყოფილი ევროპარლამენტარის, პიერ ანტონიო პანცერის მითითებით, რომელიც ევროპარლამენტში შექმნილი დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელი იყო. პანცერიმ ბრალი აღიარა და ბელგიურ პროკურატურასთან თანამშრომლობს.

როგორც დაკავების ორდერშია მითითებული, 2021 წელს კატართან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე შეხვედრის დროს არენა და მორეტი პანცერის მითითებებს ასრულებდნენ. პანცერი, რომელიც ამ დროს ევროპარლამენტარი აღარ იყო და შეხვედრას არ ესწრებოდა, ინსტრუქციებს თავისი ყოფილი ასისტენტის, ჯუზეპე მერონის საშუალებით გასცემდა. პროკურატურასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, პანცერიმ საგამოძიებო ორგანოს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

მარია არენა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ალესანდრა მორეტი კი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია, პიერ ანტონიო პანცერის მითითებები არასოდეს შეუსრულებია და, მეტიც, 2021 წლის დეკემბერში კატარის საკითხზე არანაირ რეზოლუციაზე მსჯელობა არ გამართულა.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები