“უკრაინის ენერგოსისტემამ რუსული იერიშების უმძიმესი დღეები გამოიარა” – “უკრენერგო”
უკრაინის ენერგოსისტემისთვის უმძიმესი ზიანია მიყენებული, მაგრამ ის, სავარაუდოდ, უკვე დასრულდა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების დამსახურებით.
ამის შესახებ Bloomberg-თან საუბარში “უკრენერგოს” ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.
“პლატოს მივაღწიეთ, შემდგომი დეგრადაცია არ ხდება. ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ იმავე ტემპით, რა ტემპითაც იყო განადგურება და ზოგჯერ უფრო სწრაფადაც”, – თქვა კუდრიცკიმ.
მისი აზრით, მოსკოვი კარგავს უკრაინის ენერგოსისტემისთვის „მნიშვნელოვანი ზიანის“ მიყენების უნარს, თუმცა, კუდრიცკის პროგნოზით, გაზაფხული და ზაფხული მაინც შესაძლოა, „გართულდეს“.
„თუ დაბომბვა შეწყდება და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, შეფერხების გარეშე მოვახდინოთ აღდგენა, მაშინ, დიდი ალბათობით, მივაღწევთ ხანგრძლივ უწყვეტ პერიოდს, მაგრამ ამის იმედი არ უნდა გვქონდეს”, – თქვა მან.
მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალი „ასობით მილიონ დოლარს“ შეადგენს, ხოლო ეკონომიკური ზიანი – „მილიარდებზე“ აითვლება.