პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 1 ივლისს, ქ.ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ” და „მ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.