ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დაიწყო.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ზვარტნოცის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა – შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს დელეგაციას სომხეთის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ–მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი მთავრობის წევრებთან ერთად დახვდა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიან.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომეხი კოლეგის მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან.