თურქეთის პროვინცია გაზიანთეფის ქალაქი ნურდაგი, რომელიც მიწისძვრის შედეგად ძალიან დაზარალდა, მთლიანად დაინგრევა.
ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოსმან ბილგინმა განაცხადა.
ბილგინის თქმით, დარჩენილ ბოლო რვა სახლში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„კოლოსალური კატასტროფა გადავიტანეთ. ურბანული განვითარების მინისტრ ქურუმთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ნანგრევს ვწმინდავთ, ქალაქი მთლიანად დაინგრევა – 100%-ით. მხოლოდ ერთი სახლის ნანგრევებში 150 გარდაცვლილი ვიპოვეთ. ქალაქი თავიდან აშენდება”,- ციტირებს გუბერნატორის ინტერვიუს NTV.
თურქული მედიის ცნობით, ქალაქის მოსახლეობა, სულ მცირე, 40 ათასს ადამიანს შეადგენდა.
მანამდე, თურქეთის ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ, 10 პროვინციაში 132 000-ზე მეტი შენობის შეფასების შემდეგ განაცხადა, რომ მათგან 7584 ჩამოინგრა ან სასწრაფოდ დანგრევა საჭიროებს, ხოლო 12 617 შენობა საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაშია.